წინამძღოლი (3/3)
ასე ჩაიარა პირველმა დღემ, რომელსაც იგივე შემართებით მოჰყვა შემდეგი დღეები. დიდად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, გარდა ჩვეული შემთხვევებისა: ჯერ ორმოში ჩავარდნენ, შემდეგ თხრილში; გადაფორთხდნენ ცოცხალ ღობეებსა და მაყვლის ბუჩქებზე; აბიჯებდნენ ეკლებს; ზოგმა ხელი მოიტეხა, ზოგმა ფეხი; ზოგ მათგანს კოპიც ჰქონდა შუბლზე; მაგრამ ყველაფერს გაუძლეს. რამდენიმე მომაკვდავი მოხუცი პირდაპირ გზაზე დატოვეს. „სახლში რომ დარჩენილიყვნენ, იქაც მოკვდებდნენ, ამხელა გზაზე რომ არაფერი ვთქვათ!“ – თქვა რომელიღაც სიტყვით გამომსვლელმა და დანარჩენები გაამხნევა, გზა გაეგრძელებინათ. ერთი-ორი მცირეწლოვანი ბავშვიც დაიღუპა. მშობლებმა მედგრად შეიკავეს თავი გულისტკივილის გამომჟღავნებისგან, რადგან ეს ღვთის ნება იყო. “რაც უფრო პატარაა ბავშვი, წუხილიც ნაკლებია. ღმერთმა არ ქნას, მშობლებმა მაშინ დაკარგონ შვილი, როდესაც ის უკვე ქორწინების ასაკშია. თუ ბავშვს ასე უწერია, ჯობს ადრეულ ასაკში მოკვდეს. მაშინ დარდიც ხანმოკლე იქნება! – ამშვიდებდა მათ ორატორი. ზოგს თავი ჰქონდა შეხვეული, ზოგს კი შეშუპებულ ადგილებზე ცივი საფენები ედო. მოტეხილი მკლავები მკერდზე ჰქონდათ ნაჭრით ჩამოკიდებული. ყველა დამტვრეულ-დასახიჩრებული იყო. ტანსაცმელი ძონძებად ექცათ, მაგრამ მაინც ბედნიერად მიიწევდნენ წინ. იქნებ ეს ყველაფერი უფრო იოლად გასაძლები ყოფილიყო, შიმშილისგან მუცლებს რომ არ ებუყბუყათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, გზა უნდა გაეგრძელებინათ.
ერთ დღეს, უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა.
წინამძღოლი წინ მიდიოდა, ყველაზე მამაცებით გარშემორტყმული. (ორი მათგანი უკვალოდ დაიკარგა. უმრავლესობის აზრით, მათ უღალატეს საერთო საქმეს და გაიქცნენ. რომელიღაც ორატორმა ახსენა მათი სამარცხვინო ღალატი. თუმცა ზოგი ეჭვობდა, რომ ისინი გზაში დაიღუპნენ, მაგრამ ხმამაღლა აზრი არ გამოუთქვამთ, სხვების გულისწყრომის ეშინოდათ). დანარჩენები მწკრივში მიყვებოდნენ. უეცრად მათ წინ უზარმაზარი, ქვიანი ხრამი გამოჩნდა – ნამდვილი უფსკრული. ფერდობი ისეთი ციცაბო იყო, რომ ვერავინ გაბედა ნაბიჯის გადადგმა. ყველაზე მამაცებიც კი შეჩერდნენ და წინამძღოლს მიაჩერდნენ. შეჭმუხნულმა, ფიქრებში ჩაფლულმა წინამძღოლმა თამამად გადაგა ნაბიჯი წინ, თან მისთვის დამახასიათებელი მანერით ხელჯოხს აკაკუნებდა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ბევრის თქმით, ამან მას კიდევ უფრო კეთილშობილური იერი შესძინა. არავისთვის შეუხედავს და არაფერი უთქვამს. გამომეტყველებაც არ შეცვლია და სახეზე შიშის ნატამალი არ დატყობია, მიუხედავად იმისა, რომ სულუფრო უახლოვდებოდა ხრამის კიდეს. ყველაზე გულადებსაც კი შიშისგან მკვდრისფერი დაედოთ, მაგრამ ვერავინ შეჰბედა გამაფრთხილებლად შეეძახაგაბედული, ბრძენი წინამძღოლისთვის. ორი ნაბიჯიც და ის კლდის პირას იდგა. მომაკვდინებელ სიჩუმეში, თვალებგაფართოებულები ცახცახებდნენ და ძრწოდნენ. ყველაზე მამაცებმა მისი შეჩერება დააპირეს, თუნდაც ეს წესების დარღვევა ყოფილიყო, მაგრამ წინამძროლმა ისევ გადადგა ნაბიჯი და ხრამში გადაეშვა. ხალხი საგონებელში ჩავარდა, აყვირდნენ და ავიშვიშვიშდნენ, ზოგმა გაქცევა სცადა.
– მოიცადეთ, ძმებო! რატომ ჩქარობთ? ეს არის თქვენი მოცემული სიტყვა? ჩვენ უნდა მივყვეთ ამ ბრძენ კაცს, რადგან იცის, რას აკეთებს. შეშლილი ხომ არ არის, თავი დაიღუპოს. წინ, მივყვეთ! ეს ყველაზე დიდი და ალბათ საბოლოო საფრთხეა, ბოლო დაბრკოლება. ვინ იცის? იქნებ ხრამის მეორე მხარეს ჩვენ გველოდება ღმერთის ბოძებული ჯადოსნური, ნაყოფიერი მიწა. წინ! მსხვერპლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ!
ასეთი იყო ორატორის სიტყვები, შემდეგ მანაც გადადგა ორი ნაბიჯი წინ და ხევში გაუჩინარდა. ყველაზე მამაცებიც მიყვნენ და შემდეგ ყველანი გადაეშვნენ.
შეიქნა ერთი ვაი-ვიში, ოხვრა, გმინვადა ყირაზე გადასვლა ამ თვალუწვდენელ ხრამში. ვინმეს შეეძლო დაეფიცა, რომ ვერავინ გადარჩებოდა არათუ დაუსახიჩრებელი, არამედ ცოცხალიც კი. მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ზოგჯერ ჯიუტია. წინამძღოლი წარმოუდგენლად იღბლიანი აღმოჩნდა. ის ვარდნისას ბუჩქებს ჩამოეკიდა და თითქმის არაფერი დაუზიანებია. მან წამოდგომა და უკან ამოხოხვაც მოახერხა. კვნესა და გმინვა ჯერ კიდევ მოისმოდა ქვემოდან, ის კი უძრავად დაჯდა და ჩუმად ჩაფიქრდა. რამდენიმე დაბეგვილმა და გაბრაზებულმა მისი ლანძღვა დაიწყო, მაგრამ მას აინუნშიც არ ჩაუგდია. ვისაც გაუმართლა და ბუჩქებს და პატარა ხეებს მოეჭიდა, უკან ამოფორთხვა დაიწყო. ზოგს თავი გასტეხოდა და სახეზე სისხლი მოსჩქეფდა. მთელი ვერავინ გადარჩა წინამძღოლის გარდა. უეცრად ყველა მას მიაჩერდა დაღვრემილი და უკმაყოფილოდ ამოიგმინა, მაგრამ წინამძღოლს თავიც არ აუწევია. ჩუმად იყო და ნადვილი ბრძენკაცის გამომეტყველება მიეღო.
გამოხდა ხანი. მოგზაურთა რაოდენობა სულ უფრო მცირდებოდა. ყოველ დღეს თავისი წილი მიჰქონდა. ზოგმა საერთოდ მიატოვა თავისიანები და უკან დაბრუნდა.
იმ მრავალრცხოვანი ხალხისგან, რომლებმაც ერთად დაიწყეს სვლა, ოციოდეღა დარჩა. მათი ღონემიხდილი, დაღლილი სახეები მხოლოდ იმდეგაცრუებას, სასოწარკვეთასა და შიმშილს ასახავდნენ. მაგრამ სიტყვა არავის დასცდენია. წინამძღოლივით ჩუმად მიჩანჩალებდნენ. ორატორსაც კი თავი ჩაექინდრა. გზა უდაოდ რთული იყო.
მათი რაოდენობა ისევ შემცირდა და ათნი დარჩნენ. საუბრის ნაცვლად, მხოლოდ წუწუნებდნენ და გმინავდნენ კუშტი სახეებით.
კაცებს კი არა, ხეიბრებს ჰგავდნენ. ზოგი ყავარჯენს ეყრდნობოდა. ზოგს კისერზე მოხვეული ნაჭრით მკლავი მკერდზე ჩამოეკიდებინა. ხელებზე უამრავი ნახვევი და საფენი ედოთ. ახალი თავგანწირვის სურვილი რომც ჰქონოდათ, ტანზე ადგილი აღარ ჰქონდათ ახალი იარებისთვის.
მათ შორის ყველაზე მამაცსაც კი რწმენა და იმედი დაჰკარგვოდა, მაგრამ მაინც მიიწედვნენ წინ, ბორძიკით, წუწუნით, ტკივილისგან დამანჭულები. სხვა რა დარჩენოდათ, რაკიღა უკან დაბრუნება არ შეეძლოთ? ახლა, ამდენი მსხვერპლის შემდეგ მიეტოვებინათ დასახული გზა?
ჩამობნელდა. ყავარჯნებით მოჩახუნეებმა ეუცრად შენიშეს, რომ წინამძღოლი მათ წინ აღარ იყო.რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ისევ ხრამში გადაცვივდნენ.
– ვაი, ფეხი! ვაი, ხელი! – ამოიკვნესეს ისევ. ერთმა ჩუმად შეუკურთხა კიდეც ღირსეულ წინამძღოლს, მარგამ შემდეგ დადუმდა.
როდესაც მზე ამოვიდა, წინამძღოლი ისევ ისე იჯდა, როგორც პირველად ნახეს. ოდნავადაც კი არ შეცვლია გარეგნობა.
ორატორი ხრამიდან ამოფოფხდა, უკან მოჰყვებოდა ორი მამაცთაგანი. დასახიჩრებულებმა და სისხლიანებმა უკან მოიხედეს, რომ ენახათ რამდენი იყვნენ, და მიხვდნენ,რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ დარჩენილი. მომაკვდინებელმა შიშმა და უიმედობამ მოიცვა მათი გულები. უცნობ, მთა-გორიან და ქვიან მხარეში იმყოფებოდნენ, არც გზა მოსჩანდა სადმე,არც ბილიკი. ორი დღით ადრე რაღაც გზას კი გადააწყდნენ, მაგრამ უკან მოიტოვეს, რადგან წინამძღოლმა აქეთ წამოიყვანა.
ისინი ფიქრობდნენ მეგობრებსა და ნათესავებზე, რომლებიც დაიღუპნენ ამ საზარელ გზაზე. მოტეხილი კიდურების ტკივილზე უარესმა ნაღველმა მთლიანად დათრგუნა ისინი. საკუთარი დაღუპვის თვითმხილველები გახდნენ.
ორატორი მივიდა წინამძღოლთან და დაღლილი, აკანკალებული, სასოწარკვეთილი და ტკივილით სავსე ხმით მიმართა:
– ახლა სად მივდივართ?
წინამძღოლი ჩუმად იყო.
– სად მოგვიყვანე და სად მიგყავართ? ჩვენი თავი და ოჯახები ჩაგაბარეთ და გამოგყევით, სახლები და წინაპართა საფლავები მივატოვეთ იმ იმედით, რომ გადავრჩებოდით უნაყოფო მხარეში დაღუპვისგან. მაგრამ შენ უარესად დაგვღუპე. ორასი ოჯახი მოგყვებოდა და ახლა ნახე, რამდენი ვართ.
– რას გულისხმობ, განა ყველა არ არის აქ? – ჩაილაპარაკა წინამძღოლმა თავის აუწევლად.
– ასეთ კითხვას როგორ სვამ? აწიე თავი და ნახე! დათვალე, რამდენი დავრჩით ამ უბედურ მოგზაურობაში. შეხედე რას დავესმგავსეთ. ჯობდა მოვმკდარიყავით, ვიდრე ასე დავსახიჩრებულიყავით.
– ვერ შემოგხედავთ!
– რატომ ვერ?
– მე ბრმა ვარ.
სამარისებული სიჩუმე.
– მოგზაურობის დროს დაკარგე მხედველობა?
– ბრმა დავიბადე!
სამეულმა სასოწარკვეთით ჩაჰკიდა თავი.
შემოდგომის ქარმა დაბერა მთებიდან და ხმელი ფოთლები მოიტანა. ნისლი დაეკიდა გორაკებს შორის, ხრამის ფერდები ათრთოლდა ცივ, ნესტიან ჰაერში. ავისმომასწავებელი ჩხავილი გაისმა. მზეც კიმოეფარა ღრუბლებს, რომლებიც სადღაც შორს მიიჩქაროდნენ.
სამეულმა დაზაფრულმა შეხედა ერთმანეთს.
– ახლა სად შეგვიძლია წავიდეთ? – ამოილუღლუღა ერთმა.
– არ ვიცით.
ბელგრადში, 1902წ.
სპეციალურად „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა მარეხ დოლიძემ, 2021წ.