წინამძღოლი (2/3)

(შემდეგი გვერდი)

მეორე დღეს, ყველა, ვისაც ეყო წასვლის გამბედაობა, ერთად შეიკრიბა. ორასზე მეტი ოჯახი გამოცხადდა დანიშნულ ადგილას. მხოლოდ ცოტანი დარჩნენ ძველი კერიის მისახედად.

ნამდვილად ნაღვლიანი სანახაობა გახლდათ, თუ როგორ იყო მწარე ბედისწერით გაღატაკებული ხალხი იძულებული მიეტოვებინა მიწა, სადაც ისინი დაიბადნენ და სადაც ემარხა წინაპართა ძვლები. მათ დაქანცული, მოტეხილი და გარუჯული სახეები ჰქონდათ. მრავალი წლის განმავლობაში მძიმე შრომას კვალი დაემჩნია და მწარე იმდეგაცრუების სურათი დაეხატა. თუმცა სწორედ ასეთ მომენტში, მყისიერად ჩნდებოდა იმედის ნაპერწკალი, შეზავებული სახლის მონატრებასთან. ცრემლი მოგორავდა მოხუცი კაცების დანაოჭებულ სახეებზე, რომლებისთვისაც რაღაც ავისმომასწავლებელი ტრიალებდა ჰაერში და თავჩაქინდრული, სასოწარკვეთით ოხრავდნენ. უკეთესი საცხოვრებლის ძებნის ნაცვლად, ერჩივნათ იქ მეტ ხანს დარჩენილიყვნენ, რათა მათაც შეძლებოდათ ამ ქვებს შორის სიკვდილი.ბევრი ქალი მოთქვამდა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა მათთვის ძვირფასი ადამიანების საფლავებს.

კაცები გამხნევებას ცდილობდნენ და ყვიროდნენ – აბა,  ქოხმახებში ცხოვრება და ამ დაწყევლილ მიწაზე შიმშილი გინდათ? – თუმცა არც თვითონ იტყოდნენ უარს, მთელი ეს დაწყევლილი მხარე  და ღარიბული ქოხები თან წაეღოთ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო.ერთად შეგროვილი  ხალხისთვის დამახასიათებელი ხმაური და ყაყანი იდგა. ქალებიც და კაცებიც მოსუვენრად ცმუკავდნენ. დედების ზურგზე გამოკრული ბავშვები გულისწამღებად წიკვინებდნენ. პირუტყვიც შფოთავდა. ბევრი საქონელი არც ყავდათ, ერთი-ორი ხბო აქა-იქ და გალეული, ჯაგარა ცხენი დიდი თავითა და მსუქანი ფეხებით, დატვირთული ძველი ნოხებით, ჩანთებითა და ორი ტომრით უნაგირზე, რომლის სიმძმიმით საბრალო ცხოველს წელი გაღუნვოდა, თუმცა როგორღაც ახერხებდა დგომას და დრო და დრო ხვიხვინს. სხვებს ვირები დაეტვირთათ. ბავშვები ძაღლებს საბელებზე ექაჩებოდნენ.  ლაპარაკი, ყვირილი, წყევლა, მოთქმა, ტირილი, ყეფა და ჭიხვინი ერთმანეთში არეულიყო. ვირმაც კი დაიყროყინა ერთი-ორჯერ. მაგრამ წინამძღოლს სიტყვაც არ დასცდენია, თითქოს მთელ ამ ამბავთან არაფერი ესაქმებოდა. ნამდვილი ბრძენი!

ის უბრალოდ იჯდა თავჩაქინდრული, ჩუმი და დაფიქრებული. ზოგჯერ მიწას აფურთხებდა. ეს იყო და ეს. მაგრამ ამ უცნაური ქცევის გამო მისი პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ როგორც თვითონ ამბობდნენ,  წყალსა და ცეცხლს მისცემდნენ თავს, მის გამო. ისმოდა შემდეგი საუბრები:

– ბედნიერნი უნდა ვიყოთ, რომ ასეთი კაცი ვიპოვეთ. მის გარეშე რომ წავსულიყავით, ღმერთმა დაგვიფაროს, დავიღუპებოდით. გეუბნები, მას აქვს ნამდვილი ცოდნა! ჩუმად არის, სიტყვაც არ უთქვამს! – თქვა ერთმა, რომელიც წინამძღოლს სიამაყითა და პატივისცემით შესცქეროდა.

– რა უნდა ეთქვა? ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოტას ფიქრობს. ნამდვილად ჭკვიანია! მხოლოდ ფიქრობს და არაფერს ამბობს, – დაამატა მეორემ და მანაც კრძალვით გადახედა წინამძღოლს.

– ადვილი არ არის ამდენი ხალხის გაძღოლა! ფიქრები უნდა მოიკრიბოს, რადგან დიდი სამუშაო აქვს, – თქვა ისევ პირველმა.

გამგზავრების დრო მოვიდა. თუმცა კვლავ შეიცადეს იმის მოლოდინში, რომ დარჩენილთაგან ვინმე გადაიფიქრებდა და მათ გაყვებოდა, მაგრამ რადგან არავინ შეემატათ, შეეძლოთ აღარ დაყოვნებულიყვნენ.

– აღარ უნდა წავიდეთ? – ჰკითხეს წინამძღოლს.

ის უსიტყვოდ წამოდგა.

ყველაზე მამაცები მყისვე გარს შემოეხვივნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ ან დაეცვათ ნებისმიერი საფრთხისგან.

წინამძღოლმა ჩაწეული თავითა და შეჭმუხნული სახით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თან კეთილშობილურად აქნევდა ხელჯოხს. ხალხი მის უკან დაეწყო და რამდენჯერმე შესძახა: „გაუმარჯოს ჩვენს წინამძღოლს!“ მან კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სოფლის კედლის წინ ღობეს მიეჯახა. ბუნებრივია, გაჩერდა. ხალხიც შეჩერდა. შემდეგ წინამძღოლმა უკან დაიხია და ხელჯოხი ღობეს მიუკაკუნა.

– რა გსურს რომ გავაკეთოთ? – ჰკითხეს მას.

წინამძღოლმა პასუხი არ გასცა.

– რა უნდა ვქნათ? ღობე უნდა მოვანგრიოთ! აი, რა უნდა ვქნათ! ვერ ხედავთ, თავისი ხელჯოხით მოგვანიშნა რაც უნდა ვქნათ, – შესძახეს მათ, ვინცწინამძღოლის გარშემო იდგნენ.

– აგერ ჭიშკარი! აქ ჭიშკარია! – აყვირდნენ ბავშვები და თითებს იშვერდნენ მეორე მხარეს დაკიდული ჭიშკრისკენ.

– ჩუმად, ბავშვებო!

– ღმერთო გვიშველე, რა ხდება? – ქალებმა პირჯვარი გადაიწერეს.

– სიტყვა არ გავიგო! იცის, რასაც აკეთებს! მოანგრიეთ ღობე!

ღობე მყისიერად ჩამოიაშალა, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

დანგრეულ ღობეს გადააბიჯეს და გზა გააგრძელეს.

ასი ნაბიჯი ძლივს ექნებოდათ გავლილი, როდესაც წინამძღოლიი დიდ ეკლიან ბუჩქს დაეჯახა და გაჩერდა. დიდი გაჭირვებით გაითავისუფლა თავი და ხელჯოხის ყველა მხარეს კაკუნს მოჰყვა. არავინ შერხეულა.

– ახლა რაღა ხდება? – წამოიყვირეს უკანა რიგებიდან.

– მოთხარეთ ბუჩქი! – დაიყვირეს წინამძღოლის გარშემო მდგომებმა.

– იქ გზა არის, ეკლიანი ბუჩქების უკან! – შესძახეს ბავშვებმა და ზოგიერთებმა დიდებს შორის.

– გზა არის, იქ გზა არის! – დამცინავად გამოაჯავრაწინამძღოლის გარემოცვამ. – და საიდან უნდა ვიცოდეთ, ჩვენ, ბრმებმა, საით მივყავართ ჩვენს წინამძღოლს? ყველას ბრძანების გაცემა არ შეუძლია. წინამძღოლმა იცის ყველაზე კარგი და მოკლე გზა. მოთხარეთ ბუჩქი!

ყველა მიცვივდა გზის გასაწმენდად.

– უხ! – წამოიყვირებდა ხან ერთი და ხან მეორე. ზოგს ეკალი შერჭობოდა ხელში, ზოგისთვის მაყვლის ტოტს დაეკაწრა სახე.

– ძმებო! უშრომელად არაფერი მოდის. უნდა იწვალოთ, რომ მიზანს მიაღწიოთ, – თქვა ყველაზე მამაცმა მათ შორის.

დიდი ძალისხმევის შედეგად ბუჩქი მოგლიჯეს და წინ გასწიეს.

ცოტაოდენი ხეტიალის შემდეგ, მოწნულ ღობეს მიადგნენ. ისიც მოარღვიეს და გზა გააგრძელეს.

პირველ დღეს მხოლოდ მცირე მანძილის გავლა მოახერხეს, რადგან ხელს უშლიდათ მსგავსი წინაღობები. საკვები მცირეოდენი ჰქონდათ, ზოგს ხმელი პური და ყველი წამოეღო, უმრავლესობა კი ცარიელი პურით იკმაყოფილებდა შიმშილს. ზოგიერთს საერთოდ არაფერი ჰქონდა. საბედნიეროდ, ზაფხული იდგა და ალაგ-ალაგ ხილის ხეები ხვდებოდათ.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს მცირე მანძილი მოიტოვეს უკან, საშინელ დაღლილობას გრძნობდნენ.  მართალია, სერიოზული საფრთხე ან უბედური შემთხვევა არ გადახდენიათ, თუმცა ბუნებრივია, იქნებოდა ისეთი უმნიშვნელო წვრილმანები, როგორც: ერთ-ერთ ქალის ეკალი შეერჭო მარცხენა თვალში, რომელიც მან სველი ნაჭრით შეიხვია; ბავშვმა ფეხი წამოკრა ხის კუნძს და მას შემდეგ ღრიალებდა და კოჭლობდა; მოხუცი მაყვლის ბუჩქზე წაფორხილდა და კოჭი იღრძო. ნაღრძობი ხახვის საფენით შეუხვიეს და ისიც, ხელჯოხზე დაყრდნობილი, მართალია, კოჭლობით, მაგრამ მხნედ  მიჰყვა წინამძღოლს. (სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგნი ამბობდნენ, მოხუცმა იცრუა ფეხის ტკენის შესახებ, რადგან უკან გაბრუნება ეწადაო). საბოლოოდ, ცოტაღა იყო დარჩენილი ისეთი, შერჭობილი ეკალი ან დაკაწრული სახე არ ჰქონოდა. კაცები გმირულად იტანდნენ ყველაფერს, ქალები წყევლიდნენ სახლებიდან წამოსვლის თითოეულ საათს, ბავშვები კი, რასაკვირველია, ტიროდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ტანჯვა-წვალებას დიდი ჯილდო მოჰყვებოდა.

ყველას სასიხარულოდ, არაფერი მოსვლია თავად წინამძღოლს. გულწრფელად თუ ვიტვყვით, ის საკმაოდ კარგად იყო დაცული, მაგრამ მაინც, ის უბრალოდ, იღბლიანი იყო. როდესაც პირველ ღამეს დაბანაკდნენ, ყველა ლოცულობდა და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ მოგზაურობამ წარმატებით ჩაიარა და წინამძღოლს თმის ღერიც არ ჩამოვარდნია. ერთ-ერთმა მამაცთაგანმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო. მისი სახე მაყვლის ბუჩქს დაეკაწრა, მაგრამ ის ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

– ძმებო, – დაიწყო მან, – ერთი დღე მშვიდობიანად მოვიტივეთ უკან, მადლობა ღმერთს. ჩვენი გზა ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ, რადგან ეს ძნელი გზა მიგვიყვანს ბედნიერებამდე. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ყოვლისშმეძლე წინამძღოლი ნებისმიერი ზიანისგან, რათა მან შეძლოს გააგრძელოს ჩვენი წარმატებული სვლა.

– ხვალაც თუ ასე გაგრძელდა, მეორე თვალსაც დავკარგავ! – აღმოხდა ერთ-ერთ ქალს.

– ოჰ, ჩემი ფეხი! – წამოიყვირა ქალის ნათქვამით წაქეზებულმა მოხუცმა კაცმა.

ბავშვები წუწუნებდნენ და ტიროდნენ, დედები ძლივს აჩუმებდნენ მათ, რომ სიტყვით გამომსვლელის ხმა გაეგონათ.

– დიახ, მეორე თვალსაც დაკარგავთ! – გაბრაზდა მომხსენებელი, – და შეიძლება ორივეც დაკარგოთ! ერთი ქალის ერთი თვალი ვერაფერი დანაკარგია ასეთი დიადი მიზნისთვის. გრცხვენოდეთ! შვილების კეთილდღეობაზე არ გიფიქრიათ? თუნდაც ნახევარი ჩვენგანი დაიღუპოს მცდელობისას! რა განსხვავებაა? ერთი თვალი იქნება თუ ორი? რა სარგებლობა აქვს თქვენს თვალებს, როდესაც ჩვენს ნაცვლად სხვა იყურება და ბედნიერებასთან მივყავართ? ჩვენი წამოწყება მარტოოდენ თვალისა და მოხუცი კაცის ფეხის გამო უნდა მივატოვოთ?

– ცრუობს! მოხუცი კაცი გვატყუებს! ის თავს გვაჩვენებს, თითქოს ფეხი სტკვივა, რომ უკან დაბრუნდეს! – შესძახეს ყოველი მხრიდან.

– ძმებო, ვისაც წამოსვლა აღარ უნდა, დაე, დაბრუნდეს და აღარ იწუწუნოს და აგვირიოს დანარჩენებს გეგმები. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე გავყვები ჩვენს წინამძღოლს ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!

– ჩვენც გავყვებით! ყველა გავყვებით სანამ ცოცხლები ვართ!

წინამძღოლი კვლავ ჩუმად იყო.

ყველანი მას მიაჩერდნენ და აჩურჩულდნენ:

– ისევ ფიქრებშია ჩაძირული!

– ბრძენი კაცი!

– მის შუბლს შეხედეთ!

– და სულ იჭმუხნება!

– დინჯია!

– მამაცია! ეს ყველაფერში ჩანს!

– რამდენიც არ უნდა თქვათ! ღობეები, წნულები, ასკილი – ის ყველაფერს გვიკვალავს. პირქუშად აკაკუნებს თავის ჯოხს და უნდა გამოიცნო, რას გულისხმობს.

(წინა გვერდი)

Ознаке:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

About Домановић

https://domanovic.wordpress.com/about/

Оставите одговор

Попуните детаље испод или притисните на иконицу да бисте се пријавили:

WordPress.com лого

Коментаришет користећи свој WordPress.com налог. Одјавите се /  Промени )

Слика на Твитеру

Коментаришет користећи свој Twitter налог. Одјавите се /  Промени )

Фејсбукова фотографија

Коментаришет користећи свој Facebook налог. Одјавите се /  Промени )

Повезивање са %s

%d bloggers like this: