წინამძღოლი (1/3)
– ძმებო და მეგობრებო! მე მოვუსმინე ყველა თქვენგანის სიტყვით გამოსვლას, ახლა კი გთხოვთ, მე მომისმინოთ. მთელი ჩვენი მსჯელობა და საუბარი არაფრად ღირს, სანამ ჩვენ ვრჩებით ამ უნაყოფო მიწაზე. წვიმებიან წლებშიც კი არაფერი გაზრდილა ამ ქვიშიან ნიადაგსა და ლოდებზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ საშინელ გვალვებზე, რომლის მსგავსიც არც ერთ ჩვენთაგანს არ უნახავს. როდემდე უნდა ჩაიაროს ჩვენმა შეკრებებმა და ლაპარაკმა ფუჭად?პირუტყვი უკვე იღუპება საკვების არქონის გამო, მალე კი ჩვენ და ჩვენ შვილებსაც მოგვიწევს შიმშილობა.უფრო უკეთესი, კეთილგონივრული გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ დავტოვებთ ამ მწირ მიწას და გავეშურებით ნაყოფიერი მხარის საძებნელად, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
ასე მიმართა დაღლილი ხმით რომელიღაც სხდომაზე რომელიღაც უნაყოფო მხარის მოსახლემ. თუ სად და როდის მოხდა ეს, არც მე და არც თქვენ არ გვაღელვებს. საკმარისია გჯეროდეთ, რომ ეს მოხდა სადღაც, დიდი ხნის წინათ, ერთ უნაყოფო მხარეში. გულახდილად რომ გითხრათ, ერთ დროს მეგონა,რომ როგორღაც გამოვიგონე მთელი ეს ამბავი, მაგრამ დროთა განმავლობაში თავი დავაღწიე ამ აკვიატებულ ფიქრს.ახლა მტკიცედ მჯერა, რომ მხოლოდ იმას გადმოგცემთ, რაც დანამდვილებით მოხდა და უნდა მომხდარიყო სადღაც და როდესღაც და რომ მე არავითარ შემთხვევაში არ შემეძლო ამის გამოგონება.
ქამარზე ხელებშემოწყობილი, მკრთალსახიანი, ცარიელი გამომეტყველებითა და ღონემიხდილი, თითქმის შეუგნებელი სახით მომზირალი მსმენელები ამ ბრძნული სიტყვების გაგონებაზე გამოცოცხლდნენ. თითეულმა მათგანმა უკვე წარმოიდგინა, რომ იმყოფებოდა ჯადოსნურ, სამოთხებრივ ქვეყანაში, სადაც წელჩაწყვეტილი შრომის ჯილდოდ უხვ მოსავალს მიიღებდა.
– მართალს ამბობს! მართალს ამბობს! – აჩურჩულდნენ დაღლილი ხმები
– ესეთი მხარე… სადმე… ახლოსაა? – გაიასმა კუთხიდან გაჭიანურებული ბუტბუტი.
– ძმებო! – უფრო რიხიანად დაიწყო კიდევ ერთმა,- დაუყოვნებლივ უნდა მივყვეთ ამ რჩევას, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობთ, მაგრამ ამაოდ.ჩვენ დავთესეთ მარცვლეული, რომელიც საკვებად უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ წყალდიდობამ ჩამორეცხა ნათესები და ნიადაგი ფერდობებიდან და დაგვიტოვა ცარიელი ქვები. კიდევ აქ უნდა დავრჩეთ და ვიშრომოთ დილიდან საღამომდე მხოლოდ იმისთვის, რომ ვიყოთ მშიერ-მწყურვალი, ტიტველი და ფეხშიშველი? უნდა გავემგზავროთ და ვიპოვოთ ნაყოფიერი მიწა, სადაც მძიმე შრომა აგვინაზღაურდება უხვი მოსავლით.
– წავიდეთ! ახლავე წავიდეთ! რადგან ეს მიწა სიცოცხლისთვის უვარგისია!
ჩურჩულმა მოიმატა და ყველა დაუფიქრებლად დაადგა გზას.
– მოიცადეთ, ძმებო! სად მიდიხართ? – დაიწყო ისევ პირველმა გამომსვლელმა, – აუცილებლად უნდა წავიდეთ, მაგრამ ასე არა. უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ. თორემ გადარჩენის ნაცვლად შეიძლება უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. გთავაზობთ, ავირჩიოთ წინამძღოლი, რომელსაც დავემორჩილებით და ვინც გვიჩვენებს ყველაზე სწორ გზას.
– ავირჩიოთ! ახლავე ავირჩიოთ! – გაისმა აქა-იქ.
მხოლოდ ახლა დაიწყო ნამდვილი კამათი და არეულობა. ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა და არავის ესმოდა ერთმანეთის. დაიწყეს ჯგუფებად დაყოფა, თითოელი თავისთვის ლუღლუღებდა და ბოლოს ეს ჯგუფებიც დაიშალა. ბოლოს ორ-ორად იდგნენ მხარდამხარ, ერთმანეთს უმტკიცებდნენ, მკლავზე ექაჩებოდნენ, სიჩუმეში ხელებს ამოძრავებდნენ. შემდეგ ისევ შეგროვდნენ ლაპარაკ-ლაპარაკით.
– ძმებო! – ჩახლეჩილი ხმების ფონზე მოისმა ძლიერი ხმა, – ასე ვერ შევთანხმდებით. ყველა ლაპარაკობს და არავინ ისმენს. მოდი, ამოვარჩიოთ წინამძღოლი! ჩვენს შორის ვინ შეგვიძლია ავირჩიოთ? ვის უმოგზაურია იმდენი, რომ კარგად იცნობდეს გზებს? ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და მაინც, მე, მაგალითად, ვერავის განდობთ ჩემი თავისა და ჩემი შვილების წინამძღოლობას. უმჯობესია მითხრათ, ვინ არის ის მოგზაური, დილიდან ჩრდილში რომ ზის გზის პირას?
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი უცნობს მიუბრუნდნენ და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერეს.
ფიქრებში ჩაძირული მოგზაური, რომელსაც მოღუშული სახე ძლივს უჩანდა ხშირ წვერსა და გრძელ თმაში, ისევ ჩუმად იჯდა და დროდადრო თავის ხელჯოხს მიწას უკაკუნებდა.
– გუშინ ეს კაცი ვნახე ახალგაზრდა კაცთან ერთად, ხელჩაკიდებული მიუყვებოდნენ ქუჩას. წუხელ ბიჭმა დატოვა სოფელი, მაგრამ უცნობი აქ დარჩა.
– ძმებო, დავივიწყოთ ეს სულელური წვრილმანები, დრო რომ არ დავკარგოთ. ვინც არ უნდა იყოს ის, შორიდანაა მოსული, რადგან არავინ იცნობს. მას ყველაზე სარწმუნოდ ეცოდინება საუკეთესო და უმოკლესი გზა ჩვენს გასაძღოლად. ჩემი განსჯით, ის ბრძენი კაცია, რადგან ჩუმად ზის და ფიქრობს. ნებისმიერი სხვა აქამდე უკვე ათჯერ ან მეტჯერ ჩაყოფდა ცხვირს ჩვენს საქმეებში და ლაპარაკს გაუბამდა რომელიმე ჩვენთაგანს, მაგრამ ის მთელი ეს დრო ჩუმადაა და არაფერს ამბობს.
– რა თქმა უნდა, ეს კაცი ჩუმად იმიტომ ზის, რომ რაღაცაზე ფიქრობს. ეს სხვა არაფერის ნიშანია, თუ არა იმის, რომ ის ძალზედ ჭკვიანია, – დაეთანხმნენ გარშემომყოფები და უნცობს უფრო დააკვირდნენ. თითოეულმა აღმოაჩინა მასში განსაკუთრებული სიჭკვიანის მახასიათებელი ბრწყინვალე ნიშანი.
არც თუ ბევრი ლაპარაკის შემდეგ, ყველა საბოლოოდ შეთანხმდა, რომ ეთხოვათ ამ მოგზაურისთვის, რომელიც, როგორც მათ მიიჩნიეს, ღმერთმა გამოუგზავნათ უკეთესი ტერიტორიისა და ნაყოფიერი მიწის მოსაძებნად, ყოფილიყო მათი წინამძღოლი და ისინი მოუსმენდნენ მას და დაემორჩილებოდნენ კითხვის დაუსმელად.
თავიანთ შორის გამოარჩიეს ათი კაცი, რომელიც მივიდოდა უცნობთან მათი გადაწყვეტილების გასაცნობად. ამ წარმომადგენლებს უნდა გადაეცათ მისთვის საქმის სავალალო მდგომარეობა და ეთხოვათ გამხდარიყო მათი წინამძღოლი.
ამგვარად, ათეული გაემართა უცნობისკენ და მდაბლად დაუკრა თავი. ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო მოყოლა არაპროდუქტიულ ნიადაგზე, გვალვებიან წლებზე და იმ სიღარიბეზე, რომელშიც აღმოჩნდნენ. ბოლოს შემდგნაირად დაასრულა:
– ეს პირობები გვაიძულებს დავტოვოთ ჩვენი სახლები და გავემგზავროთ უკეთესი სამშობლოს საპოვნელად. სწორედ იმ მომენტში, როდესაც საბოლოოდ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას, როგორც ჩანს, ღმერთმა მოწყალება მოიღო ჩვენზე და გამოგვიგაზვნა შენი თავი – ბრძენი და ძვირფასიუცნობი, რათა გაგვიძღვე და გაგვათავისუფლო სიღატაკისგან. ყველა აქაური მაცხოვრებლის სახელით, გთხოვთ იყოთ ჩვენი წინამძღოლი.სადაც არ უნდა წახვიდე, გამოგყვებით. შენ იცი გზები და აშკარაა, რომ უფრო ბედნიერ სამშობლოში ხარ დაბადებული. მოვისმენთ და დავემორჩილებით ყოველ შენს ბრძანებას. ბრძენო უცნობო, თანხმა ხარ გადაარჩინო ამდენი სული დაღუპვისგან? იქნები ჩვენი წინამძღოლი?
მთელი ამ ხვეწნა-მუდარის განმავლობაში, ბრძენ უცნობს თავი ერთხელაც არ აუწევია. გაუნძრევლად იჯდა ისევ ისე, როგორც პირველად ნახეს. თავი ჩაწეული ჰქონდა, იჭმუხნებოდა და პასუხი არ სცემდა. მხოლოდ ჯოხს უკაკუნებდა მიწას და – ფიქრობდა. როდესაც სიტყვით გამოსვლა დასრულდა, უცნობმა, არც კი შერხეულა ისე, ნელა და უკმეხად ამოიჩიფჩიფა:
– ვიქნები!
– შეგვიძლია გამოგყვეთ და უკეთესი ადგილი ვეძებოთ?
– შეგიძლიათ! – თავაუღებლად გააგრძელა მან.
წარმომადგენლები პატივისცემისა და ენთუზიაზმის გამომხატველადახმაურდნენ, თუმცა უცნობს ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.
ათეულმა შეკრებილებს თავიანთი წარმატება გააცნო და დაამატა, რომ მხოლოდ ახლა დაინახეს, თუ რა დიდი სბირძნის მატარებელი იყო უცნობი კაცი.
– ის არც კი განძრეულა თავისი ადგილიდან, თავიც კი არ აუწევია რომ დაენახა, ვინ ელაპარაკებოდა. მხოლოდ ჩუმად იჯდა და მედიტირებდა. მთელ ჩვენს საუბარსა და მადლიერებას მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხა.
– ნამდვილი ბრძენკაცი! იშვიათი ჭკუა! – იძახდნენ შეკრებილები, ბედნიერნი იმით, რომ ღმერთმა ზეციდან მათ გადასარჩენად ანგელოზი გამოაგზავნა. ასეთი წინამძღოლის მეშვეობით, რომელსაც ვერაფერი აუბნევდა თავ-გზას, ყველა ღრმად იყო წარმატებაში დარწმუნებული.ასე გადაწყდა, რომ გარიჟრაჟზე გაემგზავრებოდნენ.