ჩვეულებრივი სერბული მუშახარის მსჯელობა

ბევრი საოცრება ხდება ქვეყნიერებაზე. ჩვენი ქვეყანა კი, როგორც ბევრს უთქვამს, იმდენად წალეკილია საოცრებებით, რომ საოცრება საოცრება აღარ არის. მაღალ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები საერთოდ ვერ აზროვნებენ და ამის დასაბალანსებლად, ან იქნებ სხვა მიზეზით, გლეხის ჩვეულებრივი მუშა ხარი, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა სხვა ხარებისგან, იძულებული გახდა აზროვნება დაეწყო. ღმერთმა უწყის, რამ უბიძგაამ გონიერ ცხოველსასეთი თავგამეტებისაკენ, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია ცნობილია, რომ სერბეთში ამ უიღბლო საქმიანობას მხოლოდ ზიანი მოაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საბრალო არსებამ, მთელი თავისი გულუბრყვილობით, არ იცოდა, რომ ამ ხელობას არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა, ამიტომ ვერც განსაკუთრებულ სამოქალაქო შეუპოვრობას დავაბრალებთ. დღემდე გამოუცნობი დარჩა, რატომ უნდა ეაზროვნა ხარს, როდესაც ის არც ხმის მიმცემი იყო, არც საბჭოს წევრი, არც მოსამართლე, არც მუშა საქონლის არჩეული დეპუტატი. ხანდაზმული სენატორიც კი არ ყოფილა. თუ მუშა საქონლის მინისტრობაზე ოცნებობდა, მაშინ მითუმეტეს უნდა ევარჯიშა, თუ როგორ ეფიქრა რაც შეიძლება ნაკლები, სხვა ბედნიერი ქვეყნების ბრწყინვალე მინისტრების მსგავსად, თუმცა ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ ნაკლებად გაუმართლა. ბოლოს და ბოლოს, რაში გვანაღვლებს, თუ რატომ დაიწყო სერბულმა მუშა ხარმა ის საქმიანობა, რაც ადამიანებმა დიდი ხანია, მიატოვეს. ეს ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ნაწილობრივ მისი ბუნებრივი ინსტინქტების გამო.

ამგვარად, რა სახეობისაა ეს მუშა ხარი? ის ჩვეულებრივი ხარია, რომელსაც, როგორც ზოოლოგია გვასწავლის, აქვს თავი, ტანი და კიდურები. ეწევა უღელს, ძოვს ბალახს, ლოკავს მარილს, იცოხნება და ბღავის და მისი სახელია ნაცარა.

აი, როგორ დაიწყო მან ფიქრი. ერთ დღეს მენახირემ ნაცარა და მისი მეგობარი

შავტუხაურემში შეაბა, მოპარული მარგილებით დატვირთა და ქალაქში გაემგზავრა გასაყიდად. ქალაქში ჩასვლისთანავე ყველა მარგილი გაყიდა, ნაცარა და მისი მეწყვილე ურმიდან გამოსხნა, თოკით მიაბა, წინ ფრინტას გამხმარი ძნა დაუგდო და პირდაპირ პატარა დუქნისკენ გაემართა ყელის გასასველებლად. ფესტივალი მიმდინარეობდა და ქალაქში უამრავი კაცი, ქალი და ბავშვი ირეოდა. შავტუხამ, რომელიც ხარებს შორის ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული სიშტერით, ზედ არავის შეხედა, მთელი სერიოზულობით ჩარგო თავი თივაში, ფაშვი ამოივსო, სიამოვნებისგან დაიზმუვლა და იქვე წამოწვა. თან ტკბილად თვლემდა და იცოხნებოდა. მის გვერდით ჩავლილი ხალხი საერთოდ არ ადარდებდა, მხოლოდ თვლემდა და იცოხნებოდა. (რა დასანანია, რომ ადამიანი არ იყო და ეს შესანიშნავი კარიერული თვისებები ფუჭად იხარჯებოდა). ნაცარას კი პირი არ დაუკარებია გამხმარი ბალახისთვის. მისი მეოცნებე თვალები და სევდიანი გამომტყველება ერთი შეხედვით მიგახვედრებდათ, რომ ის მოაზროვნე იყო, სათუთი, მგრძნობიარე სული. სერბები მიმიდოიოდნენ, ამაყები თავიანთი დიადი წარსულით, სახელით, ერით და ეს სიამაყე გამოიხატებოდა უდრეკ ნებისყოფასა და მტკიცე ნაბიჯში. ნაცარა მათ აკვირდებოდა და უეცრად, საშინელმა უსამართლობის გრძნობამ მისი გული სინანულითა და ტკივილით აავსო.ის დანებდა ამ უეცარ, ძლიერ გრძნობას, სევდიანად დაიზმუვლა, ცრემლი ჩამოუგორდა და ამ განუზომელი ტკივილისგან, ნაცარამ ფიქრი დაიწყო:

– რა ეამაყებათ ასე ძალიან ჩემს პატრონს და მის თანამემულე სერბებს? რატომ უჭირავთ თავი ამაყად და ჩვენ აგდებულად გვიყურებენ? ისინი ამაყობენ თავიანთი სამშობლოთი, რომ ბედისწერამ მათ სერბეთში დაბადება არგუნათ. მეც სერბეთში დამბადა დედამ და სერბეთი მარტო დედაჩემის კი არა, მამაჩემის სამშობლოცაა. ჩემი წინაპრებიც, მათ წინაპრებთან ერთად, ძველი სლავური სამშობლოდან ჩამოვიდნენ ამ მიწაზე. მაგრამ არც ერთ ხარს ამით სიამაყე არ უგრძვნია. ჩვენ ვამაყობთ მხოლოდ მძიმე ურმის აღმართზე ათრევით. დღემდე, არც ერთ სერბ მუშა ხარს არ უთქვამს გერმანელი ხარისთვის: „რა გინდათ ჩემგან? მე სერბი ხარი ვარ, ჩემი სამშობლო საამაყო სერბეთია, ჩემმა წინაპრებმა აქ მოიგეს ხბოები, ჩემი ბაბუების ძვლები აქ მარხია“. ღმერთმა დაგვიფაროს, არასდროს გვიგვრძნია სიამაყე ამის გამო, აზრადაც არ მოგვსვლია, ესენი კი ამაყობენ. უცნაური ხალხია!

ასეთ ფიქრებში მყოფმა ხარმა თავი დახარა. ეჟვანმა გაიჟღარუნა და უღელი აჭრიალდა. შავტუხამ თვალები შეახილა და მეგობარს შეჰზმუვლა:

– ისევ დაიწყე შენი სისულელეები! ჭამე, სულელო, ცოტა ქონი მოიკიდე, შეხედე, ნეკნები გარეთ გაქვს გამოჩრილი. ფიქრი კარგი რომ ყოფილიყო, ადამიანები ჩვენ კი არ მოგვიგდებდნენ. შეუძლებელია, ასეთი იღბლიანები ვიყოთ!

ნაცარამ სიბრალულით შეხედა თავის მეწყვილეს, თავი გაატრიალა და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა.

– ისინი თავისი დიადი წარსულით ამაყობენ. მათ აქვთ კოსოვოს ველი, კოსოვოს ბრძოლა. დიდი საქმე, ჩემი წინაპრებიმაშინაც ეწეოდნენ ურმებს და ეზიდებოდნენ აღჭურვილობას. ჩვენ რომ არა, ადამიანებს თავისით მოუწედავთ ამის კეთება. შემდეგ აჯანყება თურქებისწინააღმდეგ. დიადი, კეთილშობილური თავდადება, მაგრამ ვინ იყო მაშინ იქ? ეს ცხვირაწეული რეგვენები იყვნენ? ახლა რომ გაბღენძილები დადიან ჩემს წინ, თითქოს ის აჯანყება მათი დამსახურებაა? მაგალითისათვის, ჩემი პატრონი ავიღოთ. ისიც სხვებივით ამპარტავნულად ტრაბახობს, რომ მისი დიდი ბაბუა აჯანყების დროს დაიღუპა. არის ეს ჩემი პატრონის დამსახურება? მისი დიდი ბაბუა უნდა ამაყობდეს, თვითონ კი არა. მისი დიდი ბაბუა დაიღუპა იმისათვის, რომ მისი შთამომავალი თავისუფალი ყოფილიყო. აჰა, არის თავისუფალი, და რაში იყენებს ამ თავისუფლებას? სხვების მარგილებს იპარავს, ურემზე აწყობს და მე უნდა ვზიდო ტვირთიც და მეპატრონეც, სანამ მას კოფოზე ძინავს. ახლა ყველაფერი გაყიდა, ლიქიორს სვამს, არაფერს აკეთებს და ამაყობს დიადი წარსულით. რამდენი ჩემი წანაპარი მოიკლა აჯანყების მონაწილე მებრძოლების გამოსაკვებად? განა ჩემი წინაპრები არ ეზიდებოდნენ ქვემეხებს, საკვებს, საბრძოლო აღჭურვილობას? მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვამაყობთ მათი დამსახურებებით; ჩვენ კვლავ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, როგორც ჩვენი წინაპრები თავიანთ დროს, შეგნებულად და მოთმინებით.

ისინი ამაყობენ წინაპრების ხუთასწლიანი მონობით. ჩემი გვარი არსებობის დღიდან იტანჯება და დღესაც წვალებასა და მონობაში ვართ, მაგრამ ამაზე არ ვყვირივართ ძარღვების დაბერვამდე. ისინი ამბობენ, რომ თურქებმა აწამეს დასარზე აცვეს ისინი. ჩემი წინაპრები თურქებმაც დახოცეს და სერბებმაც, შეწვეს და ყველანაირად აწამეს.

ისინი ამაყობენ რელიგიით და ამავე დროს, არაფრის წამთ. რა ჩვენი ბრალია, რომ ქრისტიანებად არ გვაღიარებენ? მათი რელიგია ამბობს: „არა იპარო“ და ჩემი პატრონი იპარავს და იმ ფულით სვამს. მათი რელიგია მოუწოდებს, რომ უყვარდეთ მოყვასი. ისინი კი მხოლოდ ვნებენ ერთმანეთს. მათთვის საუკეთესო ადამიანი, კეთილშობილების მაგალითი, ისაა, ვინც სხვას არაფერს უშავებს და აზრადაც არ მოსდით, რომ ამასთან ერთად ადამიანს სიკეთის კეთებაც შეუძლია. ისე დაბლა დაეშვნენ, რომ კეთილშობილებად ითვლება ნებისმიერი უსარგებლო რამ, რასაც ზიანი არ მოაქვს.

ხარმა ნაღვლიანად ამოიხროა და მისმა ოხვრამ გზის მტვერი აჰყარა.

– აქედან გამომდინარე, – გააგრძელა ხარმა თავისი სევდიანი ფიქრები, – განა მე და ჩემი გვარი არ ვჯობივართ მათ? არასდროს არავინ მომიკლავს, არავინ შემირცხვენია, არაფერი მომიპარავს, არავინ გამიგდია სამსახურიდან უსამართლოდ, არ შემიქმნია დანაკლისი სახელმწიფო ხაზინაში, არ გამომიცხადებია ყალბი ბანკროტი, არასდროს დამიპატიმრებია უდანაშაულო, არასდროს დამიწამებია ცილი ჩემი მეგობრისთვის, მუშა ხართა პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია, ცრუ ჩვენება არ მიმიცია, არასდროს ვყოფილვარ მინისტრი და ქვეყნისთვის ზიანი არ მომიტანია. გარდა იმისა, რომ არაფერი დამიშავებია, მე იმათაც კი სიკეთით ვპასუხობ, ვინც მე მჩაგრავს. დედამ რომ გამაჩინა, ბოროტმა კაცამ მაშინვე წამართვა დედის რძე. კიდევ კარგი, ღმერთმა ბალახი მაინც შექმნა ჩენთვის და ადამიანები იმასაც კი გვართმევენ. ამდენი ცემის მიუხედავად, ისევ ვეზიდებით ჩვენს ურმებს, ვხნავთ მათ მინდვრებს, ვკვებავთ მათ და არავინ აღიარებს ჩვენს დამსახურებას სამშობლოს წინაშე…

– ან მარხვა ავიღოთ. რელიგიის მიუხედავად, მათ მარხვის დღეებშიც არ უნდათ მარხვა, ჩვენ კი, დედის ძუძუდან მოშორების დღიდან, მთელი ცხოვრება ვმარხულობთ.

ხარმა თავი ჩაღუნა, დამწუხრებული ჩანდა. შემდეგ ისევ ასწია და გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აწუხებდა. უეცრად, იმედიანად დაიზმუვლა:

– აჰ, ახლა კი ვიცი, რაშია საქმე, – და მან ფიქრი განაგრძო, – ისინი ამაყობენ თავიანთი თავისუფლებით და სამოქალაქო უფლებებით. სერიოზულად უნდა დავფიქრდე.

და ის ფიქრობდა, ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერიგაეგო.

– რა არის ეს მათი უფლებები? თუ პოლიცია უბრძანებს ხმის მიცემას, ისინი ხმას აძლევენ. ასე ჩვენ შეგვიძლია დავიზმუვლოთ: „ ამააააას“. თუ არ უბრძანებენ, ხმის მიცემას ვერ ბედავენ და პოლიტიკურ წუმპეში გორაობენ, ჩვენსავით. მათაც ცემენ ციხეში, თუნდაც სულ უდანაშაულონი იყვნენ. ჩვენ ზმული და კუდის ქნევა მაინც შეგვიძლია, მათ კი გამბედაობა ამისთვისაც არ ყოფნით.

ამ დროს ხარის პატრონი დუქნიდან გამოვიდა. მთვრალი, თვალებდანისლსული, გაურკვეველი სიტყვების ბურდღუნით წაბარბაცდა ურმისკენ.

– უბრალოდ შეხედეთ, როგორ იყენებს ეს ამაყი შთამომავალი სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას? სწორია, ჩემი პატრონი ლოთი და ქურდია, მაგრამ სხვები როგორ იყენებენ თავისუფლებას? უსაქმურობენ და ამაყობენ წარსულით და წინაპრების დამსახურებით, რაშიც მათაც იგივე წვლილი მიუძღვით, რაც მე. ჩვენ, მუშა ხარები კი, ჩვენი წინაპრების მსგავსად, ისევ მშორმელებად დავრჩით. ჩვენ ვართ მუშა ხარები, მაგრამ დღესაც შეგვიძლია ვიამაყოთ თვადაუზოგავი შრომითა და დამსახურებით.

ხარმა ღრმად ამოიოხრა და პატრონს უღელში შესაბმელად კისერი მიუშვირა.

 

ბელგრადში, 1902წ.
სპეციალურად „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა მარეხ დოლიძემ, 2021წ.

Ознаке:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

About Домановић

https://domanovic.wordpress.com/about/

Оставите одговор

Попуните детаље испод или притисните на иконицу да бисте се пријавили:

WordPress.com лого

Коментаришет користећи свој WordPress.com налог. Одјавите се /  Промени )

Слика на Твитеру

Коментаришет користећи свој Twitter налог. Одјавите се /  Промени )

Фејсбукова фотографија

Коментаришет користећи свој Facebook налог. Одјавите се /  Промени )

Повезивање са %s

%d bloggers like this: