Tag Archive | მოქალაქე

დაღი

საშინელი სიზმარი ვნახე. სიზმრის შინაარსი იმდენად არ მაღელვებს, რამდენადაც ის, თუ როგორ გავბედე ასეთი სიზმრის დასიზმრება მაშინ, როდესაც მე თვითონ გახლავართ წყნარი და პატივცემული მოქალაქე, ჩვენი ძვირფასი, ტანჯული დედა სერბეთის მორჩილი შვილი, ისევე, როგორც მისი სხვა შვილები. რა თქმა უნდა, გამონაკლისი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ არა, ძვირფასო მეგობრებო, ზუსტად იმავეს ვაკეთებ, რასაც სხვები და სიფრთხილეშიც ბადალი არ მყავს. ერთხელ ქუჩაში დაგდებული პოლიციელის ფორმის ბრჭყვიალა ღილი დავინახე. გაშტერებული მივაჩერდი მის ჯადოსნურ ციალს და ის იყო, ტკბილი მოგონებებით აღვსილს, გვერდით უნდა ჩამევლო, რომ უეცრად ხელი ამინკალკალდადა მხედრული სალმის მისაცემად აღიმართა, თავი თავისით დაიხარა მიწამდე და ჩემი პირი იმ ბედნიერ ღიმილად გაიბადრა, რომელსაც ყველა ვატარებთ ჩვენს ზემდგომებთან შეხვედრისას.

– კეთილშობილი სისხლი მიჩქეფს ძარღვებში – აი,რა რის! – მაშინვე ეს გავიფიქრე და ზიზღით შევხედე იმ სასტიკ ადამიანს, რომელმაც ღილს უდარდელად დააბიჯა.

– მხეცო! – ვთქვი გამწარებულმა და გადავაფურთხე, შემდეგ კი გზა გავაგრძელედა თავი ვინუგეშე, რომ ასეთი უხეში ადამიანები ცოტანი იყვნენ. განსაკუთრებით მადლიერი ვიყავი ღმერთისა, რომ ასეთი სუფთა გული და წინაპრების კეთილშობილი, რაინდული სისხლი მიბოძა.

ახლა ხომ ხედავთ, რა შესანიშნავი ადამიანი ვარ, არაფრით განსხვავებული სხვა პატივცემული მოქალაქეებისგან და ეჭვგარეშეა, თქვენც ცნობისმოყვარეობით აღივსეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი საზარელი და სულელური რამ მომხდარიყო ჩემს სიზმარში.

იმ დღეს უჩვეულო არაფერი მომხდარა. მშვენიერი სადილის, ღვინის წრუპვისა და კბილების ჩიჩქნის შემდეგ, ჩემი მოქალაქეობრივი უფლებების თამამი და სრული შეგნებით, საწოლისკენ გავემართე და წიგნიც გავიყოლე, რომ მალე ჩამძინებოდა.

რასაკვირველია, ჩემი მიზნის დაკმაყოფილების შემდეგ, წიგნი ხელიდან გამიცურდა და ვალმოხდილს, ბატკანივით უწყინრად ჩამეძინა.

უცებ, მთებში მიმავალ, ვიწრო, ტალახიან გზაზე აღმოვჩნდი. ცივი, ბნელი ღამეა. ქარი გამხმარ ტოტებს შორის ყმუის და შიშველ კანს სამართებელივით მისერავს. ბნელი ცაპირქუშად ჩამოწოლილა და თოვლი, მტვრის კორიანტელივით, თვალებსა და სახეში მეყრება. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ არის. მივიჩქარი და ტალახიან გზაზე წამდაუწუმ ხან მარჯვნინ მივსრიალებ, ხან მარცხნივ. ვბარბაცებ, ვეცემი და გზას ვკარგავ. ღმერთმა უწყის, სად მივდივარ და ეს ჩვეულებრივი, მოკლე ღამე კი არა, საუკუნესავით გაწელილი წყვდიადია, და ისევ მივდივარ, არ ვიცი სად.

ამ სიარულში წლები გავიდა და მივედი სადღაც შორს, ძალიან შორს ჩემი ქვეყნიდან, უცნობ მხარეში, რომელიც ალბათ არავინ იცის და რომლის ნახვაც, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ სიზმარში შეიძლება.

ბევრი ხეტიალის შემდეგ დიდ ქალაქს მივადექი, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობდა. დიდი ბაზრის მოედანზე უზარმაზარი ბრბო შეკრებილიყო, ყურთასმენის წამღები ხმაური იდგა. ბაზრის წინ ფუნდუკში შევედი და მეპატრონეს ვკითხე, ამდენი ხალხი რას შეეკრიბა.

– ჩვენ წყნარი და პატივცემული ხალხი ვართ, – დაიწყო მეფუნდუკემ ამბის მოყოლა, – ჩვენ მოსამართლის მორჩილნი და ერთგულნი ვართ.

– მოსამართლე უმაღლესი ხელისუფალია? – შევაწყვეტინე.

– მოსამართლე განაგებს აქაურობას და უმაღლესი ხელისუფალია. შემდეგ მოდის პოლიცია.

გადავიხარხარე.

– რა გაცინებს?.. რა, არ იცოდი?.. საიდან ხარ მოსული?

მე მოვუყევი, როგორ დავკარგე გზა და რომ მოვდიოდი შორეული ქვეყნიდან – სერბეთიდან.

– მე გამიგია ამ სახელგანთქმული ქვეყნის შესახებ! – ჩაიჩურჩულა მეფუნდუკემ და პატივისცემით შემომხედა, შემდეგ ისევ ხმამაღლა განაგრძო:

– ჩვენთან ასეა. მოსამართლე მართავს აქაურობას პოლიციის მეშვეობით.

– თქვენი პოლიციელები როგორებიარიან?

– როგორ გითხრა, სხვადასხვა რანგის პოლიციელი გვყავს, ჩინის მიხედვით. არიან მეტად გამორჩეულები და ნაკლებად გამორჩეულები. ჩვენ კი ვართ წყნარი და პატივცემული ადამიანები, მაგრამ ხომ იცით, ათასი ჯურის მაწანწალა შემოეხეტება გარეუბნებიდან, გვრყვნიან და ცუდ რამეებს გვასწავლიან. ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელი სხვისგან რომ გაირჩეოდეს, გუშინ მოსამართლემ გამოსცა ბრძანება, რომ ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს სასამართლოში, სადაც თითეულს შუბლზე დაღს დაასმევენ. ამიტომაცაა ამდენი ხალხი მოსული, რჩევა ჭირდებათ, თუ როგორ მოიქცნენ.

ნათქვამმა შემაძრწუნა და ვიფიქრე, რომ სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ამ უცნაური ქვეყანას, რადგან მე, მიუხედავად იმისა, რომ სერბი ვიყავი, მიუჩევევლი ვიყავი ასეთ რაინდულ სულს და ავფორიაქდი.

მეფუნდუკემ დიდსულოვნად გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა და ამაყად მითხრა:

– ოჰ, უცნობო, ეს საკმარისია შენს შესაშინებლად? რა გასაკვირია, შენ ხომ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, სანამ ჩვენსავით გამბედაობას შეიძენ.

– რას გულსიხმობ? – მორიდებით ვკითხე.

– რა კითხვაა! აი ნახავ, როგორი მამაცები ვართ. გეუბნები, კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი ჩვენსავით გამბედავი რომ გახდე. ბევრი გიმოგზაურია და ქვეყანა გინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენნაირ გმირებს არსად შეხვედრიხარ. მოდი, ერთად წავიდეთ. უნდა ვიჩქარო.

ის იყო გარეთ უნდა გავსულიყავით, რომ კარის წინ მათრახის ტკაცუნი გაისმა.

გარეთ გავიხედე და ასეთ სანახაობას შევესწარი: ჭრელ მუნდირში გამოწყობილ კაცს თავზე ლაპლაპა, სამრქიანი ქუდი ჩამოეფხატა და მეორე, მდიდრული მოქალაქის ტანსაცმელში გამოწყბილ კაცს ზურგზე შემოჯდომოდა. კარის წინ გაჩერდნენ და მხედარი დაბლა ჩამოხდა.

მეფუნდუკე გარეთ გავიდადათავი მდაბლად დაუკრა. ჭრელმუნდირიანი ფუნდუკში შევიდა და სპეციალურად გაფორმებულ მაგიდასთან დაჯდა. სამოქალაქო ტანსაცმლიანი კი კარის წინ დადგა დალოდინი დაუწყო. მეფუნდუკემ მასაც დაუკრა თავი.

– ეს რა ხდება? – ვკითხე მას, ძლიერ შეცბუნებულმა.

– ის, ვინც შიგნით შევიდა, მაღალი რანგის პოლიციელია, ეს, გარეთ მომლოდინე კი, ჩვენი ყველაზე გამორჩეული მოქალაქე, ძალიან მდიდარი და გულმხურვალე პატრიოტი – წამჩურჩულა მეფუნდუკემ.

– მაგრამ ზურგით რატომ დაყჰავს?

მეფუნდუკემ თავით მანიშნა და განზე გავდექით.შემდეგ დამცინავად გადმომხედა და მითხრა:

– ჩვენთვის ეს დიდი პატივია, რასაც იშვიათად თუ ვინმე იმსახურებს! – ამის შემდეგ მან კიდევ ბევრი დიდებული რამ მითხრა და საბოლოოდ თავ-გზა ამიბნია. თუმცა ნათლად გავიგონე, რაც ბოლოს დააყოლა: – ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა, რისი სათანადო პატივისცემაც სხვა ერებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს!

 ჩვენ შეკრებილ ხალხს შევუერთდით,სადაც თავმჯოდმარის არჩევა მიმდინარეობდა.

ერთმა ჯგუფმა თავმჯდომარის კანდიდატურად დაასახელა ვინმე, თუ სახელი სწორად მახსოვს, კოლბი. მეორე ჯგუფს თავმჯდომარედ ტალბი სურდა. მესამე ჯგუფსაც ჰყავდა თავისი კანდიდატი.

სახიფათო გაუგებრობა ხდებოდა. ყველა ჯგუფი საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობდა.

– ასეთი მნიშვნელოვანი შეკრების თავმჯდომარებოისთვის კოლბზე უკეთესი კაცი არ გვეგულება, – განაცხადა პირველმა ჯგუფმა, – რადგან ვიცნობთ, როგორც გაბედულ და ღირსეულ მოქალაქეს. არამგონია აქ ვინმეს შეეძლოს დაიკვეხნოს, რომ უფრო მეტჯერ ეტარებინოთ ესოდენ მნიშვნელოვანი ხალხი ზურგით.

– შენ ვინ გდიხარ, ამდენს რომ ლაპარაკობ, – წამოიძახა ვიღაცამ მეორე ჯგუფიდან, – პოლიციის უმცროსი შიკრიკიც კი არ გიტარებია!

– კარგად ვიცი თქვენი ღირსებების შესახებ, – დაიყვირეს მესამე ჯგუფიდან, – ყმუილის გარეშე მათრახის ერთ დარტყმასაც ვერ უძლებ!

– მოდი, პირდაპირ ვთქვათ, – დაიწყო კოლბმა. – მართალია, რომ გამოჩენილ დიდებულებს დავატარებდი ზურგით ასე ათი წლის წინ. მათრახიც გაუტყლაშუნებიათ და ხმა არ მომიღია. მაგრამ შესაძლოა, ჩვენს შორის არიან უფრო ახალგაზრდები და დამსახურებულები.

– არა, არა, – შეჰყვირეს მისმა მომხრეებმა.

– ვადაგასულ ღირსებებზე არაფრის მოსმენა არ გვსურს. ათი წელი გავიდა, რაც კოლბს არავინ უტარებია, – წამოიძახეს მეორე ჯგუფიდან.

– ახალგაზრდა სისხლი დუღს, ბებრებმა კი ბებერი ძვლები დახრან, – დაეთანხმა მესამე ჯგუფი.

უცებ ყველა მიჩუმდა. ხალხი გაიწ-გამოიწია გზის დასათმობად და ოცდაათ წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დავინახე. მოახლოებულს, ყველამ თავი დაუკრა.

– ვინ არის? – ჩუმად ვკითხე მეფუნდუკეს.

– პოპულარული ლიდერია, ახალგაზრდაა, მაგრამ იმედისმომცემი. იკვეხნის,რომ სამჯერ ატარა თავად მოსამართლე ზურგით. ყველაზე მეტად განთქმულია.

– ალბათ, მას აირჩევენ? – ჩავეკითხე.

– ცხადია, რადგან დანარჩენმა კანდიდატებმა თავისი დრო მოჭამეს, მოსამართლე კი გუშინაც მის ზურგზე სეირნობდა.

– რა ჰქვია?

– კლეარდი.

საპატიო ადგილას დააყენეს.

– მე ვფიქრობ, – კოლბის ხმამ სიჩუმე დაარღვია,- ამ პოსტისთვის კლეარდზე უკეთეს კაცს ვერ ვიპოვით. ის ახალგაზრდაა, მაგრამ მასზე უფროსებიც ვერ გაუტოლდებიან.

– გაუმარჯოს კლეარდს!

კოლბმა და ტალბმა თავმჯდომარის სკამთან მიიყვანეს. ყველამ თავი დაუკრა და ხმა გაკმინდა.

– გმადლობთ, ძმებო, კეთილი სურვილებისა და იმ პატივისთვის, რომელიც ერთსულოვნად მომაგეთ. თქვენი იმედების ჩემთვის მობარება ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის. ადვილი არ არის ასეთ საყურადღებო ჟამს ატარო ხალხის სურვილების გემი, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები, პატიოსნად წარმოვაჩინო თქვენი აზრი და დავიმსახურო თქვენი კეთილისმსურველობა. მადლობელი ვარ, ძმებო, ჩემი არჩევისთვის.

– ვაშა! ვაშა! ვაშა! – აგუგუნდა ხალხი გარშემო.

– ახლა კი,ძმებო, იმედი მაქვს, ნებას მომცემთ რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მნიშვნელოვან მოვლენას. არ არის ადვილი იმ ტკივილისა და ტანჯვის ატანა, რომელიც ჩვენ გველოდება. ადვილი არ არის შუბლის ცხელი რკინით დადაღვა. მართლაც რომ, ამ ტკივილს ყველა ვერ გაუძლებს. დაე, მშიშრები აკანკალდნენ და შიშისგან ფერი დაეკარგოთ, მაგრამ წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამაც წინაპართა შვილები ვართ, კეთილშობილური სისხლი ჩქეფს ჩვენს ძარღვებში, გმირული სისხლი ჩვენი ბაბუებისა, იმ დიადი რაინდებისა, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად კვდებოდნენ თავისუფლებისა და ჩვენი, მათი შთამომავლობის კეთილდღეობისთვის. ჩვენი ტანჯვა მსუბუქი იქნება, თუ მათ ტანჯვაზე იფიქრებ – გადაგვარებული და მშიშარა თაობა ხომ არ ვართ? მითუმეტეს, რომ ახლა საუკეთესო ცხოვრება გვაქვს, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. თითოეული ნამდვილი პატრიოტი, ყველა, ვისაც ჩვენი ერის შერცხვენა არ უნდა, აიტანს ტკივილს, როგორც ნამდვილი კაცი და გმირი.

– გაუმარჯოს კლეარდს!

მის შემდეგ რამდენიმე მგზნებარე სიტყვით გამომსვლელი გამოვიდა. მათ შეშინებული ხალხი გაამხნევეს და კლეარდის ნათქვამი მეტნაკლებად გაიმეორეს.

შემდეგ ერთმა ფერდაკარგულმა, დაქანცულმა კაცმა, რომელსაც დაღარულ სახეს თოვლივით თეთრი თმა და წვერი უფარავდა, სიტყვა ითხოვა. მუხლები და ხელები უცახცახებდა, წელში მოხრილიყო. ხმა უკანკალებდა და თვალებში ცრემლი უკიაფებდა.

– შვილებო, – დაიწყო მან და ცრემლი ჩამოუგორდა დანაოჭებულ ლოყასა და თეთრ წვერზე, – მე ღატაკი ვარ და მალე მოვკვდები, მაგრამ მგონია, რომ ასეთი სამარცხვინო რამ არ უნდა ჩაიდინოთ. მე ასი წლის ვარ და მთელი ცხოვრება ამის გარეშე ვიცხოვრე. ახლა რატომ უნდა დაესვას მონობის ბეჭედი ჩემს თეთრ და დაქანცულ თავს?..

– ძირს ეგ მოხუცი გაიძვერა! – დაიძახა თავმჯდომარემ.

– ძირს! – აყვირდნენ სხვებიც.

– ბებერი ლაჩარი!

– იმის ნაცვლად, რომ გაგვამხნევოს, ყველას აშინებს!

– ჭაღარის უნდა რცხვენოდეს! ამდენ ხანს იცხოვრა და მაინც ეშინია. ჩვენ, ახალგაზრდები, უფრო გაბედულები ვართ.

– გარეთ გააგდეთ!

– ძირს!

ახალგაზრდა, მამაც პატრიოტთა გაბრაზებული გუნდი მივარდა მოხუცს და ხელის კვრა და ქაჩვა დაუწყო.

ბოლოს მისი ასაკის გამო, ნება მისცეს წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაქოლავდნენ.

ყველამპირობა მისცა ერთმანეთს, რომ მეორე დღეს მხნედ იქნებოდნენ და თავს წარმოაჩენდნენ, როგორც საკუთარი ერის ღირსებასა და გამარჯვებას ეკადრებოდა.

უზადო მწყობრით დატოვეს შეკრება. დაშორებისას, ამბობდნენ:

– ხვალ ვნახავთ, ვინ ვინ არის!

– ხვალ გამოვარკვევთ მკვეხარებს!

– მოვიდა დრო, რჩეულები გამოვყოთ უვარგისებისგან, რათა ყველა არამზადას არ შეეძლოს თავის ქება!

ფუნდუკში დავბრუნდი

– ნახე, რისგან ვართ გამოძერწილი? – ამაყად მკითხა მეფუნდუკემ.

–ვნახე, – ვუპასუხე ღონემიხდილმა ანგარიშმიუცემლად, უცნაური შთაბეჭდილებებისგან თავი მიბზუოდა.

იმავე დღეს, გაზეთის მთავარ გვერდზე ასეთ სტატიას წავაწყდი:

– მოქალაქენო, დროა შევწყვიტოთ ფუჭი ტრაბახი და გაბღენძვა. დროა შევწყვიტოთ ცარიელი სიტყვებით ჩვენი წარმოსახვითი სიკეთეების და უბედურებების ჩვენება. დრო მოვიდა, მოქალაქენო, ჩვენი სიტყვები გამოვცადოთ, რათა გამოჩნდეს, ვინ არის ღირსეული და ვინ არა!მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს შორის არ აღმოჩნდებიან სამარცხვინო ლაჩრები, რომლებსაც ძალით მიიყვანენ დაღის დასასმელ ადგილას. თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც ერთი წვეთი კეთილშობილური სისხლი ურევია, იქნება პირველთა შორის, ვინც ამ ტკივილს და ტანჯვას გადაიტანს, უხმოდ და ამაყად, ეს წმინდა ტკივილი არის მსხვერპლი, შეწირული ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. წინ, მოქალაქენო, ხვალ ღირსების გამოცდის დღეა!..

მეფუნდუკე იმ ღამეს ადრე დაწვა დასაძინებლად, რათა დილით რაც შეიძლება ადრე ამდგარიყო და დანიშნულ ადგილას მისულიყო. ბევრი კი პირდაპირ მერიისკენ გაემართა, რათა პირველი ჩამდგარიყო რიგში.

მეორე დღეს მეც მერიისკენ გავეშურე. ყველა იქ იყო – მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი და კაცი. ზოგ დედას პატარა შვილები მოეყვანა, რათა მათაც შეძლებოდათ მონობის დაღის დასმა ღირსების სახელით და სამომავლოდ სამოქალაქო სამსახურში მაღალი რანგის დაკავება.

ერთმანეთს ხელს კრავდნენ და ილანძღებოდნენ (მოხარული ვიყავი, რომ ამაში ჩვენ, სერბებს გვგავდნენ) და ცდილობდნენ კართან პირველები დამდგარიყვნენ. ზოგიერთი ერთმანეთს ყელშიც კი წვდა.

დაღის დამსმელი სამოქალაქო წარმომადგენელი თეთრ, ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილიყო და ხალხს კიცხავდა:

-ნუ ზუზუნებთ, თუ ღმერთი გწამთ, ყველას ჯერი მოვა – ცხოველები ხომ არ ხართ, მუჯლუგუნების გარეშეც შეგიძლიათ დგომა.

დადაღვა დაიწყო. ერთმა დაიყვირა, მეორემ მხოლოდ ამოიგმინა, მაგრამ ვერავინ შეძლო დაღის დასმის ხმისამოუღებლად ატანა.

მეტი აღარ შემეძლო ამ ტანჯვის ყურება, ამიტომ ფუნდუკში დავბრუნდი. რამდენიმე დაღდასმული უკვე დაბრუნებულიყო, ჭამდნენ და სვამდნენ.

– მორჩა, – თქვა ერთმა.

– ჩვენ მაინცდამაინც არ გვიყვირია, მაგრამ ტალბი კი ვირივით ყროყინებდა, – თქვა მეორემ.

– ხედავ, როგორია თქვენი ტალბი? გუშინ კი მისი თავმჯდომარეობა გინდოდათ.

– ეჰ, რას გაიგებ.

ისინი ლაპარაკობდნენ, თან ტკივილისგან ჩუმად ხვნეშოდნენ და იმანჭებოდნენ, ცდილობდნენ სხვებს არ დაენახათ და ლაჩრებად არ მოენათლად.

კლეარდმა ამოიგმინა და თავი შეირცხვინა, ხოლო კაცი, სახელად ლეარი, ნამდვილი გმირი გამოდგა, რადგან ორი დაღი მოითხოვა და ხმა არ ამოუღია. მთელი ქალაქი პატივისცემით ალაპარაკდა მასზე.

ზოგიერთები გაიქნცნენ და დანარჩენების ზიზღი დაიმსახურეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ორდაღიანიქალაქში გამოვიდა, თავი მაღლა ეჭირა, გამარჯვებულის იერით, თავდაჯერებული და ამაყი დადიოდა. სადაც კი გაივლიდა, ყველგან თავის დაკვრითა და ქუდის მოხდით ეგებებოდნენ.

კაცები, ქალები და ბავშვები უკან მისდევდნენ, რათა დიდებული ერისკაცი ენახათ. სადაც კი გაივლიდა, აღფრთოვანების ჩურჩული მიჰყვებოდა თან: „ლეარი! ლეარი! ისაა! ის გმირი, რომელმაც არც კი დაიკვნესა, ხმა არ გაუღია, როდესაც ორი დაღი ამოშანთეს მის შუბლზე!“ მას აქებდნენ და ადიდებდნენ გაზეთის პირველ გვერდებზე.

და მან დაიმსახურა ხალხის სიყვარული.

ასეთი ქება-დიდება მესმოდა ყოველი მხრიდან და ვიგრძენი, როგორ ამიჩქროლდა ძარღვებში ბებერი, სერბული სისხლი. ჩვენი წინაპრები იყვნენ გმირები, რომლებიც სარზე აცვეს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო. ჩვენც გვაქვს ჩვენი გმირული წარსული და ჩვენი კოსოვო. ეროვნული სიამაყისადაპატივმოყვარეობისაგან ჟრუანტელმა დამიარა, ჩემი ერის სიმამაცის საჩვენებლად მერიისკენ გავიქეცი და შევძახე:

– რატომ ადიდებთ ამ თქვენს ლეარს? თქვენ ნამდვილი გმირები არც კი გინახავთ! მოდით და თქვენით ნახეთ, როგორია კეთილშობილური სერბული სისხლი! ორი კი არა, ათი დაღი დამასვით!

ქათქათა ფორმაში ჩაცმულმა სამოქალაქო მოსამსახურემ ცხელი შანთი შუბლთან მომიტანა და. ამ დროს გამომეღვიძა.

შიშით შუბლი მოვისრისე და პირჯვარი გადავიწერე. გაბრუებული ვიყავი სიზმარში მომხდარი უცნაური ამბებით.

– ლეარის დიდება კინაღამ ჩრდილქვეშ დავაყენე, – გავიფიქრე და კმაყოფილმა გვერდი ვიცვალე, მაგრამ თითქოს გული დამწყდა, სიზმარი რომ ვერ დავასრულე.

 

ბელგრადში, 1899წ.
სპეციალურად „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა მარეხ დოლიძემ, 2021წ.

ჩვეულებრივი სერბული მუშახარის მსჯელობა

ბევრი საოცრება ხდება ქვეყნიერებაზე. ჩვენი ქვეყანა კი, როგორც ბევრს უთქვამს, იმდენად წალეკილია საოცრებებით, რომ საოცრება საოცრება აღარ არის. მაღალ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები საერთოდ ვერ აზროვნებენ და ამის დასაბალანსებლად, ან იქნებ სხვა მიზეზით, გლეხის ჩვეულებრივი მუშა ხარი, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა სხვა ხარებისგან, იძულებული გახდა აზროვნება დაეწყო. ღმერთმა უწყის, რამ უბიძგაამ გონიერ ცხოველსასეთი თავგამეტებისაკენ, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია ცნობილია, რომ სერბეთში ამ უიღბლო საქმიანობას მხოლოდ ზიანი მოაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საბრალო არსებამ, მთელი თავისი გულუბრყვილობით, არ იცოდა, რომ ამ ხელობას არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა, ამიტომ ვერც განსაკუთრებულ სამოქალაქო შეუპოვრობას დავაბრალებთ. დღემდე გამოუცნობი დარჩა, რატომ უნდა ეაზროვნა ხარს, როდესაც ის არც ხმის მიმცემი იყო, არც საბჭოს წევრი, არც მოსამართლე, არც მუშა საქონლის არჩეული დეპუტატი. ხანდაზმული სენატორიც კი არ ყოფილა. თუ მუშა საქონლის მინისტრობაზე ოცნებობდა, მაშინ მითუმეტეს უნდა ევარჯიშა, თუ როგორ ეფიქრა რაც შეიძლება ნაკლები, სხვა ბედნიერი ქვეყნების ბრწყინვალე მინისტრების მსგავსად, თუმცა ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ ნაკლებად გაუმართლა. ბოლოს და ბოლოს, რაში გვანაღვლებს, თუ რატომ დაიწყო სერბულმა მუშა ხარმა ის საქმიანობა, რაც ადამიანებმა დიდი ხანია, მიატოვეს. ეს ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ნაწილობრივ მისი ბუნებრივი ინსტინქტების გამო.

ამგვარად, რა სახეობისაა ეს მუშა ხარი? ის ჩვეულებრივი ხარია, რომელსაც, როგორც ზოოლოგია გვასწავლის, აქვს თავი, ტანი და კიდურები. ეწევა უღელს, ძოვს ბალახს, ლოკავს მარილს, იცოხნება და ბღავის და მისი სახელია ნაცარა.

აი, როგორ დაიწყო მან ფიქრი. ერთ დღეს მენახირემ ნაცარა და მისი მეგობარი

შავტუხაურემში შეაბა, მოპარული მარგილებით დატვირთა და ქალაქში გაემგზავრა გასაყიდად. ქალაქში ჩასვლისთანავე ყველა მარგილი გაყიდა, ნაცარა და მისი მეწყვილე ურმიდან გამოსხნა, თოკით მიაბა, წინ ფრინტას გამხმარი ძნა დაუგდო და პირდაპირ პატარა დუქნისკენ გაემართა ყელის გასასველებლად. ფესტივალი მიმდინარეობდა და ქალაქში უამრავი კაცი, ქალი და ბავშვი ირეოდა. შავტუხამ, რომელიც ხარებს შორის ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული სიშტერით, ზედ არავის შეხედა, მთელი სერიოზულობით ჩარგო თავი თივაში, ფაშვი ამოივსო, სიამოვნებისგან დაიზმუვლა და იქვე წამოწვა. თან ტკბილად თვლემდა და იცოხნებოდა. მის გვერდით ჩავლილი ხალხი საერთოდ არ ადარდებდა, მხოლოდ თვლემდა და იცოხნებოდა. (რა დასანანია, რომ ადამიანი არ იყო და ეს შესანიშნავი კარიერული თვისებები ფუჭად იხარჯებოდა). ნაცარას კი პირი არ დაუკარებია გამხმარი ბალახისთვის. მისი მეოცნებე თვალები და სევდიანი გამომტყველება ერთი შეხედვით მიგახვედრებდათ, რომ ის მოაზროვნე იყო, სათუთი, მგრძნობიარე სული. სერბები მიმიდოიოდნენ, ამაყები თავიანთი დიადი წარსულით, სახელით, ერით და ეს სიამაყე გამოიხატებოდა უდრეკ ნებისყოფასა და მტკიცე ნაბიჯში. ნაცარა მათ აკვირდებოდა და უეცრად, საშინელმა უსამართლობის გრძნობამ მისი გული სინანულითა და ტკივილით აავსო.ის დანებდა ამ უეცარ, ძლიერ გრძნობას, სევდიანად დაიზმუვლა, ცრემლი ჩამოუგორდა და ამ განუზომელი ტკივილისგან, ნაცარამ ფიქრი დაიწყო:

– რა ეამაყებათ ასე ძალიან ჩემს პატრონს და მის თანამემულე სერბებს? რატომ უჭირავთ თავი ამაყად და ჩვენ აგდებულად გვიყურებენ? ისინი ამაყობენ თავიანთი სამშობლოთი, რომ ბედისწერამ მათ სერბეთში დაბადება არგუნათ. მეც სერბეთში დამბადა დედამ და სერბეთი მარტო დედაჩემის კი არა, მამაჩემის სამშობლოცაა. ჩემი წინაპრებიც, მათ წინაპრებთან ერთად, ძველი სლავური სამშობლოდან ჩამოვიდნენ ამ მიწაზე. მაგრამ არც ერთ ხარს ამით სიამაყე არ უგრძვნია. ჩვენ ვამაყობთ მხოლოდ მძიმე ურმის აღმართზე ათრევით. დღემდე, არც ერთ სერბ მუშა ხარს არ უთქვამს გერმანელი ხარისთვის: „რა გინდათ ჩემგან? მე სერბი ხარი ვარ, ჩემი სამშობლო საამაყო სერბეთია, ჩემმა წინაპრებმა აქ მოიგეს ხბოები, ჩემი ბაბუების ძვლები აქ მარხია“. ღმერთმა დაგვიფაროს, არასდროს გვიგვრძნია სიამაყე ამის გამო, აზრადაც არ მოგვსვლია, ესენი კი ამაყობენ. უცნაური ხალხია!

ასეთ ფიქრებში მყოფმა ხარმა თავი დახარა. ეჟვანმა გაიჟღარუნა და უღელი აჭრიალდა. შავტუხამ თვალები შეახილა და მეგობარს შეჰზმუვლა:

– ისევ დაიწყე შენი სისულელეები! ჭამე, სულელო, ცოტა ქონი მოიკიდე, შეხედე, ნეკნები გარეთ გაქვს გამოჩრილი. ფიქრი კარგი რომ ყოფილიყო, ადამიანები ჩვენ კი არ მოგვიგდებდნენ. შეუძლებელია, ასეთი იღბლიანები ვიყოთ!

ნაცარამ სიბრალულით შეხედა თავის მეწყვილეს, თავი გაატრიალა და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა.

– ისინი თავისი დიადი წარსულით ამაყობენ. მათ აქვთ კოსოვოს ველი, კოსოვოს ბრძოლა. დიდი საქმე, ჩემი წინაპრებიმაშინაც ეწეოდნენ ურმებს და ეზიდებოდნენ აღჭურვილობას. ჩვენ რომ არა, ადამიანებს თავისით მოუწედავთ ამის კეთება. შემდეგ აჯანყება თურქებისწინააღმდეგ. დიადი, კეთილშობილური თავდადება, მაგრამ ვინ იყო მაშინ იქ? ეს ცხვირაწეული რეგვენები იყვნენ? ახლა რომ გაბღენძილები დადიან ჩემს წინ, თითქოს ის აჯანყება მათი დამსახურებაა? მაგალითისათვის, ჩემი პატრონი ავიღოთ. ისიც სხვებივით ამპარტავნულად ტრაბახობს, რომ მისი დიდი ბაბუა აჯანყების დროს დაიღუპა. არის ეს ჩემი პატრონის დამსახურება? მისი დიდი ბაბუა უნდა ამაყობდეს, თვითონ კი არა. მისი დიდი ბაბუა დაიღუპა იმისათვის, რომ მისი შთამომავალი თავისუფალი ყოფილიყო. აჰა, არის თავისუფალი, და რაში იყენებს ამ თავისუფლებას? სხვების მარგილებს იპარავს, ურემზე აწყობს და მე უნდა ვზიდო ტვირთიც და მეპატრონეც, სანამ მას კოფოზე ძინავს. ახლა ყველაფერი გაყიდა, ლიქიორს სვამს, არაფერს აკეთებს და ამაყობს დიადი წარსულით. რამდენი ჩემი წანაპარი მოიკლა აჯანყების მონაწილე მებრძოლების გამოსაკვებად? განა ჩემი წინაპრები არ ეზიდებოდნენ ქვემეხებს, საკვებს, საბრძოლო აღჭურვილობას? მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვამაყობთ მათი დამსახურებებით; ჩვენ კვლავ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, როგორც ჩვენი წინაპრები თავიანთ დროს, შეგნებულად და მოთმინებით.

ისინი ამაყობენ წინაპრების ხუთასწლიანი მონობით. ჩემი გვარი არსებობის დღიდან იტანჯება და დღესაც წვალებასა და მონობაში ვართ, მაგრამ ამაზე არ ვყვირივართ ძარღვების დაბერვამდე. ისინი ამბობენ, რომ თურქებმა აწამეს დასარზე აცვეს ისინი. ჩემი წინაპრები თურქებმაც დახოცეს და სერბებმაც, შეწვეს და ყველანაირად აწამეს.

ისინი ამაყობენ რელიგიით და ამავე დროს, არაფრის წამთ. რა ჩვენი ბრალია, რომ ქრისტიანებად არ გვაღიარებენ? მათი რელიგია ამბობს: „არა იპარო“ და ჩემი პატრონი იპარავს და იმ ფულით სვამს. მათი რელიგია მოუწოდებს, რომ უყვარდეთ მოყვასი. ისინი კი მხოლოდ ვნებენ ერთმანეთს. მათთვის საუკეთესო ადამიანი, კეთილშობილების მაგალითი, ისაა, ვინც სხვას არაფერს უშავებს და აზრადაც არ მოსდით, რომ ამასთან ერთად ადამიანს სიკეთის კეთებაც შეუძლია. ისე დაბლა დაეშვნენ, რომ კეთილშობილებად ითვლება ნებისმიერი უსარგებლო რამ, რასაც ზიანი არ მოაქვს.

ხარმა ნაღვლიანად ამოიხროა და მისმა ოხვრამ გზის მტვერი აჰყარა.

– აქედან გამომდინარე, – გააგრძელა ხარმა თავისი სევდიანი ფიქრები, – განა მე და ჩემი გვარი არ ვჯობივართ მათ? არასდროს არავინ მომიკლავს, არავინ შემირცხვენია, არაფერი მომიპარავს, არავინ გამიგდია სამსახურიდან უსამართლოდ, არ შემიქმნია დანაკლისი სახელმწიფო ხაზინაში, არ გამომიცხადებია ყალბი ბანკროტი, არასდროს დამიპატიმრებია უდანაშაულო, არასდროს დამიწამებია ცილი ჩემი მეგობრისთვის, მუშა ხართა პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია, ცრუ ჩვენება არ მიმიცია, არასდროს ვყოფილვარ მინისტრი და ქვეყნისთვის ზიანი არ მომიტანია. გარდა იმისა, რომ არაფერი დამიშავებია, მე იმათაც კი სიკეთით ვპასუხობ, ვინც მე მჩაგრავს. დედამ რომ გამაჩინა, ბოროტმა კაცამ მაშინვე წამართვა დედის რძე. კიდევ კარგი, ღმერთმა ბალახი მაინც შექმნა ჩენთვის და ადამიანები იმასაც კი გვართმევენ. ამდენი ცემის მიუხედავად, ისევ ვეზიდებით ჩვენს ურმებს, ვხნავთ მათ მინდვრებს, ვკვებავთ მათ და არავინ აღიარებს ჩვენს დამსახურებას სამშობლოს წინაშე…

– ან მარხვა ავიღოთ. რელიგიის მიუხედავად, მათ მარხვის დღეებშიც არ უნდათ მარხვა, ჩვენ კი, დედის ძუძუდან მოშორების დღიდან, მთელი ცხოვრება ვმარხულობთ.

ხარმა თავი ჩაღუნა, დამწუხრებული ჩანდა. შემდეგ ისევ ასწია და გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აწუხებდა. უეცრად, იმედიანად დაიზმუვლა:

– აჰ, ახლა კი ვიცი, რაშია საქმე, – და მან ფიქრი განაგრძო, – ისინი ამაყობენ თავიანთი თავისუფლებით და სამოქალაქო უფლებებით. სერიოზულად უნდა დავფიქრდე.

და ის ფიქრობდა, ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერიგაეგო.

– რა არის ეს მათი უფლებები? თუ პოლიცია უბრძანებს ხმის მიცემას, ისინი ხმას აძლევენ. ასე ჩვენ შეგვიძლია დავიზმუვლოთ: „ ამააააას“. თუ არ უბრძანებენ, ხმის მიცემას ვერ ბედავენ და პოლიტიკურ წუმპეში გორაობენ, ჩვენსავით. მათაც ცემენ ციხეში, თუნდაც სულ უდანაშაულონი იყვნენ. ჩვენ ზმული და კუდის ქნევა მაინც შეგვიძლია, მათ კი გამბედაობა ამისთვისაც არ ყოფნით.

ამ დროს ხარის პატრონი დუქნიდან გამოვიდა. მთვრალი, თვალებდანისლსული, გაურკვეველი სიტყვების ბურდღუნით წაბარბაცდა ურმისკენ.

– უბრალოდ შეხედეთ, როგორ იყენებს ეს ამაყი შთამომავალი სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას? სწორია, ჩემი პატრონი ლოთი და ქურდია, მაგრამ სხვები როგორ იყენებენ თავისუფლებას? უსაქმურობენ და ამაყობენ წარსულით და წინაპრების დამსახურებით, რაშიც მათაც იგივე წვლილი მიუძღვით, რაც მე. ჩვენ, მუშა ხარები კი, ჩვენი წინაპრების მსგავსად, ისევ მშორმელებად დავრჩით. ჩვენ ვართ მუშა ხარები, მაგრამ დღესაც შეგვიძლია ვიამაყოთ თვადაუზოგავი შრომითა და დამსახურებით.

ხარმა ღრმად ამოიოხრა და პატრონს უღელში შესაბმელად კისერი მიუშვირა.

 

ბელგრადში, 1902წ.
სპეციალურად „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა მარეხ დოლიძემ, 2021წ.